ისტორია
სამედიცინო კოლეჯი აიპ-,,ადამიანი და ბუნება“ 1998 წლიდან არსებობს. არაფორმალურ საგანმანათლებლო საქმიანობას კოლეჯი 1994 წლიდან ეწეოდა გერმანელ კოლეგებთან ერთად. დაარსების დღიდან კოლეჯს ფინანსურ დახმარებას უწევდა რამდენიმე საერთაშორისო ფონდი (1998-2001 წწ. – ევროკავშირი; 2001-2008 წწ.- ჰოლანდიის საქველმოქმედო ფონდი კორდაიდი). გარდა ამისა, მისი განვითარებისთვის უზომოდ დიდი დამსახურება აქვს გერმანიის მოქალაქეს – ვილფრიდე ჰასაუერს, ვის სახელსაც ატარებს საზოგადოებრივი კოლეჯი.
ყოველივე ამან შესაძლებელი გახადა წლების მანძილზე, ქართველ მასწავლებლებთან ერთად, სასწავლო პროცესს გაძღოლოდნენ გერმანელი პროფესიონალი ექთნები და მასაჟისტი-მასწავლებლები; ასევე, ხელი შეგვეწყო ქართველ პროფესიონალ მასწავლებელთა ჯგუფის მომზადებაში საქართველოსა და საქართველოს ფარგლებს გარეთ.
მათგან ერთ-ერთი – ნინო ჩიხრაძე – უკვე დოქტორანტურის საფეხურს გადის მეცნიერებაში საექთნო საქმის შესახებ გერმანიის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში, ქ.ვიტენში. დანარჩენები – მერი ვაშაკიძე, ლალი ზაუტაშვილი, ნინო მეშვილდიშვილი და თამარ კანთელაძე რეგულარულად იმაღლებენ კვალიფიკაციას გერმანიის კლინიკებსა და საექთნო სასწავლებლებში.
ჩვენი კოლეჯის კურსდამთავრებულების აბსოლუტური უმრავლესობა დაკავებულია პროფესიის შესაბამისად და მოთხოვნა მათზე უფრო მეტია, ვიდრე პროფესიული კადრი აღიზარდა ამ წლების განმავლობაში. წლების მანძილზე მათი დასაქმება შესაძლებელი იყო საკვალიფიკაციო გამოცდების გარეშე გერმანიასა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ამჟამად პრაქტიკოსი ექთნის პროფესიული პროგრამის გერმანიაში ოფიციალური აღიარების საკითხი საბოლოო ეტაპზეა.
გარდა პროფესიული პროგრამებისა კოლეჯი დაარსების დღიდან ატარებს საკვალიფიკაციო კურსებს როგორც მედიკოსებისთვის, ასევე არაპროფესიონალებისთვის. საქართველოში სამედიცინო საქმეში უწყვეტი განათლების სისტემის შექმნა ჩვენი აზრით გადაუდებელი ამოცანაა.
ავადმყოფის კარგი მოვლა – ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მიგვაჩნია, რომ საქართველოში ამასთან დაკავშირებული პროფესიების განვითარების გარეშე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სისტემების მუშაობის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა შეუძლებელია. ამიტომ ა(ა)იპ ,,ადამიანი და ბუნება“ დაარსების დღიდან ზრუნავდა და იზრუნებს საქართველოში საექთნო, მასაჟისტის და საზოგადოდ, ავადმყოფის მოვლა-მზრუნველობასთან დაკავშირებულ ყველა პროფესიის განვითარების ხელშეწყობაზე.